“ნოდარ მელაძის შაბათმა” ბრიტანელი მუსიკოსის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში აღიარებენ, როგორ დაგეგმეს 28 წლის თომას კენედის ჯგუფური ძარცვა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად და როგორ ჩააგდეს მდინარეში ბიჭი, რომელიც ქუჩის მუსიკოსებთან მათი სიმღერის მოსამენად ჩავიდა და პატივისცემის ნიშნად ლუდზე დაპატიჟა.
ხუთივე ბრალდებული გამომძიებლებს წუთების სიზუსტით აღუწერს, როგორ დაგეგმეს ბრიტანელი ტურისტის ძარცვა. ირკვევა, რომ ფულის წართმევის იდეა კაფეში გაუჩნდათ, სადაც აღმოაჩინეს რომ თომასს ფული ჰქონდა.
ალკოჰოლის მიღების შემდეგ ახალგაზრდებმა, უცხოელ ტურისტს ქალაქის დათვალიერება ფეხით შესთავაზეს, გზად მაღაზიაში ისევ ლუდი იყიდეს და ქუჩის ხუთმა მუსიკოსმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტურისტი ბნელ ჩიხში შეიტყუა.
“დავგეგმეთ, რომ კენედისთვის ფული წაგვერთვა, ეს მე, გიორგი ოხანაშვილმა, ზურა ფალავანდიშვილმა და გიორგი ქარელმა მოვიფიქრეთ” – ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული.
დაკავებულები ყვებიან, როგორ წაიყვანეს ახალგაზრდა კაცი რკინიგზის სადგურთან და როგორ სცემეს თომას კენედი:
“ხელი დავარტყი ერთხელ ყბის არეში. წაიბარბაცა, წაიქცა, კარტა გადმოუვარდა. გაქცევა სცადა. ეს სამი ვინც იყვნენ, დაეწივნენ და სცემეს… კაროჩე გვეგონა მოკვდა-თქო, კონტაქტზე არ იყო”- წერს ბრალდებული.
მკვლელობის შემდეგ, 4-მა მუსიკოსმა თომას კენედის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
“ფეხებში მე და ზურა ვწვდით, ოხანაშვილი და ქარელა ხელებში. მტკვართან 20-25 მეტრის დაშორებით ვიყავით… წყალში გავუშვით, შევაცურეთ. ჩვენ ოთხმა. წყალმა ერთი 10 მეტრი წაიღო და მეტი არ დაგვინახავს, ხეები ეფარებოდა”- ამბობს ბრალდებული.
ამის შემდეგ 4 კაციანმა ჯგუფმა დაიწყო დაგეგმვა, თუ როგორ უნდა დაეხარჯათ ფული. რომელიც თომას კენედის საკრედიტო ბარათზე იყო. იმის გამო, რომ ბარათის კოდი არ იცოდნენ, გორში ფაქტობრივად ყველა მაღაზია მოიარეს, იყიდეს ძეხვი, სოსისი პური, სიგარეტები, შოკოლადი:
“სიგარეტები და საჭმელი ვიყიდე მაღაზიებში… სიგარეტები გამოვიტანეთ. თითქმის ყველა მაღაზიაში ვიყავით”- აცხადებს ბრალდებული.
როცა კენედის ბარათიდან გორელი ახალგაზრდები თანხას სხვადასხვა მაღაზიაში ხარჯავდნენ, გზად ვასილ ოქროპირიძე შეხვდათ.
ქუჩის მუსიკოსი ოქროპირიძე საბედისწერო ღამეს ჯგუფს იმის გამო ჩამოშორდა, რომ მას ბრიტანეთის მოქალაქის გაძარცვის იდეა არ მოსწონდა. მეგობრებმა ოქროპირიძეს ყველაფერი გაუმხილეს, როგორ გაძარცვეს, სცემეს და შემდეგ როგორ მოიშორეს ცხედარი მტკვარში.
მძიმე დანაშაულის შემდეგ, ახალგაზრდების ნაწილი ვასილ ოქროპირიძის სახლში, სოფელი სკრის დევნილთა დასახლებაში წავიდა.
მეორე დღეს, თომას კენედის ტელეფონი, ჭავჭავაძის 37 ნომერში ლომბარდში მიიტანეს და 380 ლარად ჩააბარეს. მიღებული თანხა კი 4 ნაწილად გაიყო. თითო ბრალდებულს მოკლული ბრიტანელის ტელეფონიდან 80/80 ლარი შეხვდა. 20 ლარი მეხუთე ქუჩის მუსიკოს ოქროპირიძეს მისცეს, რომელსაც ცემასა და მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.
ტვ პირველი

