კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩარკვიანმა განუცხადა, მას არაერთი მტკიცებულება მოეპოვება, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზებთან კავშირშია.
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხვალ ბატონი ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შემაქვს, სადაც ვითხოვ 20 წლის ბიჭის, სპორტსმენის, ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ობიექტურმა გამოძიებამ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს, თუ რა მიზეზით მოხდა ჩემი შვილის გარდაცვალება, უამრავი მტკიცებულება და ფაქტი მაქვს, რომელიც პროკურატურაში ჩემი და ოჯახის წევრების დაკითხვის დროს წარდგენილი იქნება. გამოძიებას ყველანაირად შევუწყობ ხელს, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს ჩემი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. როცა დავიკითხები, პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ ცნოს ჩემი ოჯახი დაზარალებულად.
ადვოკატთა ჯგუფია ჩემი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჩართული, ისინი გუნდური პრინციპით მუშაობენ, განვიხილავთ ყველა დეტალს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში იქნება ჩასმული, მუშაობენ ასევე დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სწორ დასკვნებს გამოიტანენ. როცა პროკურატურაში ჩემი ოჯახის წევრებს გამოკითხავენ, ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ, მედიის წარმომადგენლებსაც მოგაწვდით. ვინაიდან, ამ ეტაპზე დაკითხული არ ვართ, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი, ჰაერზე სიტყვებს არასდროს ვამბობ.
ზოგიერთებს ძალიან დიდ სიურპრიზს ვუმზადებ, ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა სიურპრიზი ელოდებათ, მათ შორის მათ, ვისაც ჩემი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამე წვლილი აქვთ შეტანილი. კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ, სამართლებრივი ჭრილიდან არ გამოვდივარ, თუმცა, ყველა გაიგებს, რა მოხდა“, – აცხადებს ჩარკვიანი.
20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იპნ

