“ახალ თაობასთან” ინტერვიუში მაციონალების ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ოთხი გზა არსებობს.
– პირველი ძალიან მოკლე გზაა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხი.
– რაზეც კატეგორიული უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
– სალომე ზურაბიშვილს არავინ არ ეკითხება ამას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, იმას გააკეთებს. ხოლო ივანიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები და ქართველი ხალხი უკარნახებს.
– ერთი გზა შეწყალება, დანარჩენი გზები?
– მეორე გზა არის პარლამენტის მიერ ამნისტიის აქტის მიღება, რომელიც ცოტა დროში იწელება, მესამე არის სტრასბური, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მეოთხე არის უკრაინისთვის გადაცემა.
არის კიდევ მეხუთე გზა, ციხეზე შტურმი, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. ამას ვამბობ “ქართული ოცნების” დასაცინად, რომლებსაც მართლა ჰგონიათ, რომ ჩვენი პარტიის ოფისში საბურავები გვაქვს გადამალული და გააფთრებულები ეძებენ წარუმატებლად.
– მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა 14 ოქტომბერს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. რამ განაპირობა ხალხის შემობრუნება ნაციონალური მოძრაობისკენ და ეს ყველაფერი აისახება თუ არა მეორე ტურში?
– რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა, რომ “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი მიმართულია ერთი ამბისკენ, მათი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
– რას ელოდებით მეორე ტურში?
– თუ გაყალბება არ იქნა, შეუძლებელია, რომ “ოცნებამ” მეორე ტურებში სადმე მოიგოს.
– ვერც თბილისში?
– ვერა, ვერსად.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა