პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, როელშიც ვკითხულობთ,რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ტელევიზორის მიწოდება გაჭიანურდა – ტყუილია და ის სარგებლობს ტელევიზორით.
განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სარგებლობს ლეიბით და ასევე პირადი მოხმარების სხვა ნივთებითაც.
“გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.
სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმა. ამ დროისთვის, მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.
ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს”, – წერია განცხადებაში.
დღეს, 7 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკანში არ აქვს ლეიბი, ისევე როგორც ტელევიზორი.
ამასთან ერთად, პენიტენციური სამსახური განცხადების მიხედვით, დეკანოზი მიქაელის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის აკრძალულია “ფასეული ნივთების” ქონა.
“აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს. დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთებისა პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება”, – წერია განცხადებაში.

