„ახალ თაობასთან“ იინტერვიუში ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება გაყალბება.
– ისეთი განწყობაა, რომ „ოცნების“ კოორდინატორებსაც გაუძნელდებათ კარდაკარ სიარული და მოკრიმინალო „ნასედკებსაც“ – ხალხზე ზეწოლა. „ოცნებას“ არჩევნები მარტივ მათემატიკურ ციფრებამდე დაჰყავს – რამდენს ჩამოართვეს პასპორტი, რამდენი დააშინეს და ა.შ. არადა, მთავარი ხალხის განწყობაა.
– ითვლება, რომ ოპოზიციის წარმატება გავლენას მოახდენს დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მომავალზე.
– რასაკვირველია. მეორე ტურში რეფერენდუმი გრძელდება. ადგილობრივი არჩევნების მოგება ოპოზიციისთვის ყველაზე რთულია. თუ გავითვალისწინებთ გაყალბებას, დაშინებასა და სხვა, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციამ პირველი ტური მოიგო. მეორე ტურში გაყალბება უფრო გაჭირდება. ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილმა სიტუაცია კი არ შეცვალა, ხელისუფლება ამოაყირავა.
– ბევრი დარწმუნებულია, რომ მისმა ჩამოსვლამ „ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზაციაც მოახდინა.
– არა, ასე არ არის. „ქოცების“ მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ისედაც მობილიზებული იყო. სააკაშვილს გული სტკივა, რომ ინგრევა მის მიერ შექმნილი სახელმწიფო, წყალში იყრება მის მის გაკეთებული საქმეები. ეს არის თავგანწირული მოქმედება. ბუნებრივია, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა მაშინ, როცა ტარდება რეფერენდუმი.
– თუ სიტუაცია ამოყირავებულია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი ხდება?
– ცხადია. პარლამენტი ისედაც არ ასახავს რეალობას. წარმოიდგინეთ, რა მოხდება შემდეგ! ალბათ, მხოლოდ „ოცნების“ დეპუტაცია შემორჩება პარლამენტს. ეს არ იქნება ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. 2024 წლამდე ის ვერ მიატანს.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა