საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფოში არავის უნდა აპატიმრებდნენ და ათავისუფლებდნენ იმის მიხედვით, რას ფიქრობს ხალხი.
– სასამართლოს მიმართ ნდობა რომ არსებობდეს, საზოგადოებასაც სხვა რეაქცია ექნებოდა. საერთაშორისო პარტნიორებსაც რა ექნებოდათ სათქმელი, თუ სანდო და დამოუკიდებელი სასამართლო დადებს გამამტყუნებელ განაჩენს თუნდაც ყოფილი პირველი პირის მიმართ?! ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ, როდესაც სასამართლო სისტემა არ არსებობს და არანაირი ნდობა არ აქვს მას, ეს არის პრობლემის საფუძველი.
– რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ამ სისტემას ისევ არ გადააბირებს, როგორც ეს „ოცნებამ“ გააკეთა და ხედავთ თუ არა ერთპარტიული მმართველობის რისკს ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც?
– ამიტომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა. არა მხოლოდ საფრთხე არსებობს, არამედ, თუ შედგა ერთპარტიული მმართველობა და „ოცნება“ ერთპარტიულად ჩანაცვლდა, დარწმუნებული ვარ, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.
– ერთპარტიული ჩანაცვლებისკენ მივდივართ?
– მე ვერ ვხედავ ამ რისკს. არავის აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომ ერთპარტიულად შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა. სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებების ბოროტად გამოყენება ყველა ხელისუფლების პირობებში გვაქვს ნანახი და, თუ ეს არ დასრულდება, ამ ქვეყანას არ აქვს არანაირი პერსპექტივა და არც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია მოხდება.
დღეს კოალიციური მმართველობა ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ ერთპარტიული ტირანიისგან თავი დავიცვათ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა