უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამართლებრივი ჯოჯოხეთი დაატრიალა:
– ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ჯერ არ გამოძიებულა და ისე ჰყავს პირი შეწყალებული. ისე ნუ იზამს სალომე ზურაბიშვილი, რომ სააკაშვილის მერე თავად მოუწიოს მის ადგილას ჯდომა, თორემ შემდეგი პრეზიდენტიც იტყვის მერე, არ შევიწყალებო. აქ სულ სხვა რამეა საქმე.
– რას გულისხმობთ?
– ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება შემდეგი სახის განცხადებები: წავიდეს სააკაშვილი პოლიტიკიდან, თუ არ გაჩერდება, მაშინ უარესს დავმართებთ, სასჯელს დავუმატებთ და ასე შემდეგ. ამ განცხადებებს ადვოკატები იმახსოვრებენ, იწერენ და მერე იტყვიან სტრასბურში, რომ პოლიტპატიმარია, აბა, არ იტყვიან?! როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, პოლიტიკურად არის დაძაბული ვითარება, დღეს ისეა სიტუაცია, ვინ მოიგებს მეორე ტურებს, კაცმა არ იცის, ხვალ და ზეგ შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში.
– არ უნდა იჯდეს სააკაშვილი ციხეში?
– სააკაშვილისთვის თუ ბრალის წაყენება უნდოდათ, მართლაც არსებობდა ისეთი საქმეები, სადაც რეალურად შეიძლებოდა ამის გაკეთება. დღეს მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ არ არის სამართლიანი სასამართლო.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა