“სალომე ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე პოლიტიკური სიბეცეა”

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე პოლიტიკური სიბეცეა"ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალების შესახებ პოლიტიკური სიბეცეა:

– არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად არ იყო გამართლებული პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც ჯერ არ ჰქონდათ მისთვის მიმართული შეწყალების თხოვნით, მან დაასწრო მოვლენებს და წინასწარ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს. ეს არ შეიძლება, რადგან მან არ იცის, რა საფუძვლით მიმართავენ შეწყალებისთვის.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს განცხადება შესაძლოა გახდეს ძალიან სერიოზული საფუძველი იმისთვის, რომ უკრაინამ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვოს, რადგან ყველანაირ ლოგიკას სცილდება პრეზიდენტის წინასწარი განწყობა. იქნებ რა მოტივით მიმართავენ ადვოკატები ან სააკაშვილი?!

– პრემიერმა თქვა, თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, ბრალს კიდევ უფრო დავუმძიმებთო. 

– ეს არის სწორედ უსამართლო სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების პრობლემის უდავო მტკიცებულება.

– ადამიანები  არიან დაკავებული, რომლებსაც ბრალად დანაშაულის დაფარვა ედებათ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ნაწილში?   

– ამ ნაწილში დეტალურად საუბარი გამიჭირდება, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ – ეს ადამიანები ნამდვილად არიან პოლიტპატიმრები, რადგან ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში კოსმოსიდან ვერ ჩამოფრინდებოდა და, თუ საზღვრის დაცვის არც ერთი პოლიციელი ან არც ერთი მესაზღვრე არ არის დაკავებული ან პასუხისგებაში მიცემული, ეს სერიოზული პრობლემაა.

– შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობთ?

– დიახ და მინდა, სააკაშვილის ადვოკატებს ვუკარნახო, ესეც არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომ აქ მართლმსაჯულება არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მის მიერ გამოტანილი განაჩენი ვერ იქნება სამართლიანი და კანონიერი.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა