კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” სამეგრელოში პრობლემები აქვს.
– ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მეორე ტურს ოცივე ადგილას მოიგებს. თქვენ სამეგრელოზე მეტი ინფორმაცია გაქვთ. ამ კუთხეში არსებულ განწყობებზე რას იტყვით? „ოცნებას“ თავი ქუდში აქვს?
– „ოცნებას“, ხელისუფლებას აშკარად აკლია ანალიზი. უფრო უკეთესად რომ იყვნენ ინფორმირებული და შესაბამისი ანალიზი ჰქონდეთ გაკეთებული, ასე არ იბაქიბუქებდნენ. ეს ეხება სამეგრელოსაც. რასაც ვაკვირდები, სამეგრელოში (ალბათ, სხვაგანაც) ხალხს არ მოსწონს „ქართული ოცნების“ ახლანდელი ლიდერშიფის რიტორიკა.
– რომელი რიტორიკა?
– როცა შეურაცხყოფას აყენებ კაცს, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და პრემიერი იყო. „ქართულ ოცნებას“ გვერდით აღარ ჰყავს დამფუძნებელი და ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე მას გაემიჯნა კიდევ ერთი ლიდერი – გიორგი გახარია. ამის გამო მმართველი პარტიის მიმართ ნდობა საგრძნობლად შემცირდა. მეც მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთისა და საკუთარ ღირსებას მეტად უნდა გაუფრთხილდნენ. ასეთი რადიკალიზმის პირობებში კოალიცია როგორ უნდა შექმნან?! „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში სილა მიიღო. რა მოხდება შემდეგ, ხალხის გადასაწყვეტია. დასანანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ნაციონალურმა მოძრაობამ უკიდურესად დაასუსტეს სხვა პარტიები, განსაკუთრებით – პატარა პარტიები. „ოცნებამ“ თავისი ნაბიჯებით გარკვეული ფასი უკვე გადაიხადა. მომავალშიც მოუხდება ფასის გადახდა. „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა ძალიან გაუჭირდება.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა