შსს-მ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1960 წელს დაბადებული პ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული – 11.200 დოლარი, 50 ევრო და 3.695 ლარი.

„პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო.

სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: “ტტ”-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, “კომპაქტის” და “არკუსის” მოდელების 2 პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის 2 იარაღი, 4 სანადირო გლუვლულიანი თოფი და 3 შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4.182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 36.700 დოლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.