შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

