“ზურაბ ბერიძე დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადაგაგდებო” – რას წერდა შატალოვა ივნისში

"ზურაბ ბერიძე დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადაგაგდებო" - რას წერდა შატალოვა ივნისში“ტვ პირველმა” თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მიერ სამართალდამცავებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა.

მიმდინარე წლის ივნისში მიცემულ ჩვენებაში ქალი ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის მხრიდან ლიკვიდაციით მუქარაზე საუბრობს.

შატალოვა პოლიციელებს უყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო… ზურაბ ბერიძე ოთახში შემომყვა, დამიწყო დედის გინება და ლანძღვა, “შე მეძავო და ნარკომანოო!” დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნახავენო”, – წერია შატალოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.
ჩვენების მიხედვით, ზურაბ ბერიძე ლიკვიდაციით 2021 წლის 4 ივნისს დაემუქრა.

მოკლული ქალის ადვოკატის პაატა შავაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოცან შვილზე მეურვეუბის განკარგვის საკითხზე, უფლებადამცველი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.

პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.

ანასტასია შატალოვა თბილისში სამი დღის წინ მოკლეს. სასტიკი დანაშაულის  საქმეზე 3 პირია დაკავებული.

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინა გაჩხრიკეს და კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვა ამბობდა, რომ ბერიძე მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ტვ პირველი