წამახალისებელი კამპანია – „აიცერი და მოიგე“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით შეიქმნა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, უბრალოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აიცრათ.
ამისთვის არც გათამაშების ბილეთს ყიდულობთ და არც ზარს აფიქსირებთ. 100-დან 100 000 ლარამდე თანხის მოგების შანსი საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, ვინც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობს.
„აიცერი და მოიგე“ 2021 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება. სწორედ ამ დღეს გათამაშდება მთავარი პრიზი – 100 000 ლარი.
როგორ მივიღო მონაწილეობა – როგორც აღვნიშნეთ, ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ და მხოლოდ აცრაა საჭირო, რა დროსაც ავტომატურად ხდებით „აიცერი და მოიგეს“ მონაწილე. რაც უფრო ადრე ჩაიტარებთ აცრას, მით მეტ გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას.
რა დღეებში იმართება გათამაშება და რამდენია საპრიზო ფონდი – „აიციერი და მოიგეს“ საპრიზო ფონდი 100-დან 100 000 ლარამდეა. ლატარიის გათამაშებები იმართება ვებგვერდზე: www.stopcov.lotto.ge, ყოველდღე, 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ასევე, 12 საათზე. შემაჯამებელი გათამაშება კი 26 დეკემბერს ,,საქართველოს ეროვნული მაუწყებლის“ ეთერში გადაიცემა. ყოველდღიურ გათამაშებაში შეგიძლიათ მოიგოთ 100 ან 500, ყოველკვირეულ გათამაშებაში კი 1000-დან 10 000 ლარამდე.
როგორ გავიგო, მოვიგე თუ არა – ,,აიცერი და მოიგეს“ ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. ამასთან, თუ მომხმარებელმა არ მიიღო სმს შეტყობინება ან სხვა შეფერხება დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში მას ლატარიის კომპანიის წარმომადგენლები სატელეფონო ზარის მეშვეობით დაუკავშირდებიან. ამასთან, მომხმარებელს მოგების შემოწმება ვებგვერდზეც: www.stopcov.lotto.ge შეუძლია. ვებგვერდზე გამარჯვებულთა ინიციალებია მოცემული, საკუთარი თავის უკეთ მოსაძებნად საიტზე სპეციალური ველია, სადაც პირადი ნომერის ჩაწერის შემდეგ გაიგებთ, მოიგეთ თუ არა.
მოგების შემთხვევაში როგორ გავანაღდო თანხა – ,,აიცერი და მოიგეს“ 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება.
უახლესი მონაცემების თანახმად, მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის კამპანიის წამახალისებელ ლატარიაში უკვე 10 553 გამარჯვებული ჰყავს, ამ დროისთვის გაცემული საპრიზო თანხა კი 1 660 000 – ლარს შეადგენს.
ბოლნისის მკვიდრი 72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი ერთ-ერთი გამარჯვებულია. თავად გამარჯვების შესახებ არ იცოდა და სასიხარულო ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო. როგორც აღნიშნავს, თავდაპირველად ამბავი ვერ დაიჯერა, რადგან თანხის მოგებას არ ელოდა.
მოულოდნელი აღმოჩნდა გამარჯვება მიხეილ ბენიძესთვისაც, რომელმაც „აიცერი და მოიგეში“ 1000 ლარი მოიგო. როგორც ამბობს, ლატარიის შესახებ იცოდა თუმცა თანხის მოგებაზე არც უფიქრია. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო იმიტომ, რომ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე ეზრუნა.
„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ლატარიის შესახებ ვიცოდი, მაგრამ თუ მოვიგებდი ნამდვილად არ მეგონა. თვალსაც არ ვადევნებდი, შეტყობინება მივიღე ტელეფონზე.
აგვისტოს თვეში ავიცერი, იმისთვის რომ დამეცვა საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა“ – ამბობს მიხეილ ბენიძე.
ამგვარად, მოქალაქეებს ვაქცინის პირველივე დოზის გაკეთებისთანავე ეძლევათ შანსი, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად ფინანსური სარგებელი მიიღონ.