ბათუმში კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ

ბათუმში კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა - ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა.

უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია.

კორპუსში მცხოვრებლებს ამ წუთებში [11:00] ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან და ადგენენ იმ ოჯახების სიას, ვისაც სასტუმროებში გადაიყვანენ. კორპუსის ზოგიერთმა მცხოვრებმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ არ აპირებს სასტუმროში გადასვლას და ეზოში, ავტომანქანაში გაათევენ ღამეს. სხვები კი აცხადებენ, რომ მიიღეს მერიის შეთავაზება და სასტუმროებში გადადიან.

ლელა სურმანიძის თქმით, „მოსახლეობა არის შეშინებულია – ჩვენ მათ ვთავაზობთ უსაფრთხო ადგილზე გაყვანას, ყველა ოჯახს გავიყვანთ სასტუმროში. ჩატარდება კვლევა, კორპუსის მდგომარეობის შეფასება და დაიგეგმება შემდეგი რა ღონისძიებები გატარდება კორპუსთან მიმართებაში.

ექსპერტიზის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ამ ადამიანების გრძელვადიანად გაყვანა ქირაში, რომელსაც მერია სრულად უზრუნველყოფს. ექსპერტიზის მიხედვით გადაწყდება კორპუსზე გამაგრებით სამუშაოები ჩატარდება, თუ მდგომარეობა უფრო მძიმეა და ჩატარდება დემონტაჟი.

ამ სახლზე დეტალური კვლევა არ არის ჩატარებულ. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ 250 განცხადებაა შემოსული, მათ შორის ამ კორპუსიდანაც. ყველაზე გვქონდა რეაგირება, ჩატარდა ვიზუალური დათვალიერება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, როდესაც სიღრმისეული კვლევა ჩატარდება, გადაწყდება რა უნდა ვუყოთ კორპუსს.

10 დღის წინ ინფრასტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ და ვიზუალურად დაათვალიერეს. სიღრმისეული კვლევა კორპუსი უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ჩამოვლენ მათი ექსპერტები ამ კორპუსების შესაფასებლად. ეს დროში იქნება გაწელილი პროცესი“.