გახარიას პარტია საკრებულოებში თავმჯდომარეების პოსტებს ითხოვს

გახარიას პარტია საკრებულოებში თავმჯდომარეების პოსტებს ითხოვსგიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

„ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და შევთავაზეთ პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს.

ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც „ოცნება“, ისე, „ნაციონალური მოძრაობა“), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც „ოცნებამ“ უკვე დაიწყო თვითმმართველობებში – ეს არის “ოცნების” მცდელობა ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.

ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედაც ახალი საკრებულოების და არა ერთპიროვნულად „ოცნების“ მიერ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ “ოცნებას”, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.

ცესკომ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.