იაპონიის მმართველმა „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში უმრავლესობა შეინარჩუნა. კერძოდ, არჩევნების შედეგების თანახმად, “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 465 მანდატიდან 261 მიიღო, მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, პარტია “კომეიტომ“ კი – 32 მანდატი.
ამან ჯამში 293 მანდატი შეადგინა, რაც მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის სრულიად საკმარისია.
არჩევნების შედეგებს იაპონის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გამოეხმაურა.
“ჩვენ უმრავლესობა მოვიპოვეთ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებში. მინდა ეს სრულად გამოვიყენო როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის მართვაში. სწრაფად განვახორციელებთ პოლიტიკას, რათა ვუპასუხოთ იმ ხალხის ხმებს, რომლებიც მივიღეთ ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც მტკიცედ სურთ პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკის განხორციელება”, – განაცხადა პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
იაპონიაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა.

