“ლელოს” ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტა

"ლელოს" ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტასაპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება და იქამდე არ აღადგენენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნება დაცული.

„მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ავლენს.

ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით.

ამიტომ, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა დღეს პარლამენტს. მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის სერიოზულ კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.