პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, – ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ გაუუქმა სასამართლომ იმავე საქმის წინა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გარდა ამისა, ორკოდაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ და აცხადებს, რომ თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.
„ალბათ ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად კარგადაა, გადაადგილება შეუძლია. პლუს ამას, იქამდე რამდენიმე დღეა“, – განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.
ამასთან, მოსამართლე განმარტავს, რატომ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა სააკაშვილის დასწრების გარეშე.
„სასჯელაღსრულების დაწესებულება ემორჩილება იუსტიციის სამინისტოს და არა სასამართლო ხელისუფლებას. როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია, რომ პატიმარი ვერ მოჰყავთ მისი ჯანმრთლეობის მდგომარების გათვალისწინებით, ჩვენ ხომ ექიმები არ ვართ, ეს ადამიანი ან გზაში რომ გახდეს ცუდად ან სასამართლო პროცესზე და რამე დაემართოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“- განაცხადა მოსამართლემ.
იპნ

