“დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მივიდა.
შეხვედრას მოგვიანებით “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე შეუერთდნენ.
კახა კუჭავას განცხადებით, ელენე ხოშტარია მონახულების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება და იმით დაინტერესება იყო, აქვს თუ არა მას ყველანაირი პირობა.
„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება.
არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა, ჩემთვის მთავარი იყო იმით დაინტერესება, რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“,- განაცხადა კუჭავამ.
კომენტარი ელენე ხოშტარიამაც გააკეთა.
„კახა კუჭავას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,”- განაცხადა ხოშტარიამ.
იპნ

