„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია ამბობს, რომ 1 თვეში ფასები ისევ გაიზრდება.
– მთავრობამ აუცილებლად უნდა მოხსნას აქციზი იმპორტირებულ საწვავზე. ეს ხელს შეუწყობს ფასების დარეგულირებას და არა ფასების კლებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დავუბრუნდებით ძველ საფასო პოლიტიკას, სამწუხაროდ, ცდება. დაბალი ფასები და იაფი ცხოვრება კარგა ხანი არ ექნება საქართველოს.
– აქციზის მოხსნა გამოიწვევს ფასების შემცირებას?
– ამ ეტაპზე გამოიწვევს ფასების ზრდის შენელებას და არა შემცირებას. აღარ გაიზრდება ფასი, ან, თუ გაიზრდება – ძალიან ნელი ტემპით. ბიუჯეტი მაინც დეფიციტური გვაქვს და მაინც სესხი უნდა აიღონ წელს, რათა გარკვეული ხარჯები გასწიონ. ამიტომ, ვფიქრობ, საწვავზე ფასების შემცირება უფრო ინკლუზიურად გადანაწილდება ყველაზე, მათ შორის მოსახლეობაზეც და ცოტა შვებას იგრძნობს ხალხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების ზრდა გვექნება და ეს არ შეჩერდება.
– სოსო ფხაკაძე ამბობს, იმდენად გაზრდილია საზღვარგარეთ ფასები, რომ საქართველოში გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე არისო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
– არ ვეთანხმები ფხაკაძეს. სამწუხაროდ, ნავთობპროდუქტებში გარკვეულ კარტელთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ იმას, რომ ფასები რეგულირდება, გვყავს 6-7 ოპერატორი, რომლებსაც შემოაქვთ საწვავი და ამ ფასებს განაგებენ.
მაშინ გამცეს ბატონმა ფხაკაძემ კითხვაზე პასუხი – რატომ არის, რომ შსს და სახელმწიფოს სხვა სტრუქტურები საწვავს ყიდულობენ 50-60 თეთრით იაფად, ან რატომ არის, რომ ბრენდირებული საწვავი 20-30 თეთრით ძვირია არაბრენდირებულზე.
ამ სფეროში წესრიგი დასამყარებელია და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე. შესაძლებელია საწვავის ფასის 20-30 თეთრით დაკორექტირება. საბაზრო ეკონომიკა და ასეთი სისულელეების მოდელი იშლება. უკვე მართვადი მოდელი შემოდის, რომელიც ფეხს მოკიდებს 2025 წლის შემდეგ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა