საფრანგეთის მთელმა მოზრდილმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს კოვიდვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა ეპიდემიის მეხუთე ტალღის პირობებში.
უკვე ხვალიდან, 27 ნოემბრიდან, დაიწყება 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რევაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსზე აცრის სრული კურსი 5 თვის წინ დაასრულეს. 15 იანვრიდან კი ბუსტერული დოზა აუცილებელი იქნება სანიტარიული საშვის გასაგრძელებლად.
კორონავირუსთან ბრძოლის ამ და სხვა ზომების შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა 25 ნოემბერს განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ქვეყანაში დაწყებული მეხუთე ტალღა, „უდავოდ, უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე მეოთხე ტალღა ზაფხულში“, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება არ მოუწევს. ვერანის თქმით, არ იქნება „არც კარანტინი და არც კომენდანტის საათი“. მთავარი გათვლა მოქალაქეების რევაქცინაციაზეა. საუბარია 19 მლნ ადამიანზე.
სექტემბრიდან ბუსტერულ დოზას უკვე იღებენ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ის ადამიანები, რომელთაც იმუნოსუპრესია აქვთ.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 15 იანვრის შემდეგ მოქალაქეები, რომლებიც რევაქცინაციას არ გაივლიან, ე.წ. სანიტარიულ საშვებს ვეღარ გააგრძელებენ. მოქალაქეებს რევაქცინაციისთვის თვე-ნახევარზე ოდნავ მეტი ვადა აქვთ.
საფრანგეთში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ სივრცეებში, ისე საშობაო ბაზრობებზე.
ამ დროისთვის აცრილია საფრანგეთის მთელი მოსახლეობის 75%. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არ აცრილა 6 მლნ-მდე ადამიანი (მინიმუმ ერთი დოზით აცრილია საფრანგეთის 51,8 მლნ მცხოვრები).
ნოსტალ ჯი