საპარლამენტო ოპოზიციის 9 დეპუტატი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს – ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებ დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი:
“კარგად მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილი ვითარება. ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა შიმშილობს. მას ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები არ მიწოდება. ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა, ელენე ხოშტარია. ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე, 9 პარლამენტის წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით – ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ საკაშვილი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები, გადაყვანილ იქნას მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც მათ მიერვე შექმნილმა კონსილიუმმა მიიღო, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნას.
ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრები – აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე, დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე”, – განაცხადა კირკიტაძემ.

