ბერლინში არსებული რუსული დიპლომატიური მისიის 35 წლის მდივანი კირილ ჟალო იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. ამის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა Der Spiegel იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატი საელჩოს ფანჯრიდან ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს გადავარდა და ამ შემთხვევის დეტალები თუ გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ირკვევა, რომ ბერლინის პოლიციამ რუსეთის საელჩოს შენობის წინ, დაახლოებით დილის 7 საათსა და 20 წუთზე, უგონოდ მყოფი მამაკაცი იპოვა. Der Spiegel-ის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის რეანიმირება ვერ შეძლეს.
დიპლომატიური სტატუსიდან გამომდინარე, გერმანიის ტერიტორიაზე ცხედრის გაკვეთა ან გამოძიების ჩატარება არ შედგა, რუსეთის საელჩომ დაღუპული მეორე დღესვე სამშობლოში გადაასვენა. ასევე ცნობილი ხდება, რომ დაღუპული კირილ ჟალო რუსეთის საელჩოში, 2019 წლიდან, მეორე მდივნის პოსტზე მუშაობდა. Der Spiegel წერს, რომ გერმანული დაზვერვა მას ФСБ-ს ისეთ თანამშრომლად მიიჩნევდა, რომელიც დიპლომატიური საფარის ქვეშ საქმიანობდა. ასეთი სტილით მუშაობა კი სხვადასხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების ჩვეული ხელწერაა. შესაბამისად, საელჩოს თანამშრომლის გასაიდუმლოებული სიკვდილის ისტორია ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ამავე დროს, მომხდართან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ გამოცემები The Insider და Bellingcat. ისინი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ კირილ ჟალოს მამა, ФСБ-ს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამმართველოს (მეორე სამსახური) უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ალექსეი ჟალოა. გამოცემა Bellingcat დიდი ხანია ამტკიცებს, რომ სწორედ ეს სამმართველოა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, პუბლიცისტის და ისტორიკოსის დმიტრი ბიკოვის და პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზა უმცროსის მოწამვლის ორგანიზატორი.
ყველა ეს ადამიანი კრემლის დანაშაულებების გამოაშკარავებით და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციით არის ცნობილი. თუმცა, ამ დრომდე რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ადამიანების მკვლელობის მცდელობებთან რაიმე კავშირს . The Insider და Bellingcat წერენ, რომ ბერლინამდე კირილ ჟალო ვენაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ წარმომადგენლობაში, მესამე მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. ხოლო გერმანიაში ის ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი თვით ადრე გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალს სდებს რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კ.-ს, რომელმაც მკვლელობა 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ცენტრში ჩაიდინა. გერმანელი პროკურორების აზრით, ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების მიერ არის დაკვეთილი, საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ დროისთვის აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
როგორც The Insider და Bellingcat ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში წერენ, ქილერი ვადიმ კრასიკოვი ხანგოშვილის მკვლელობის მომზადების პერიოდში, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნის დროს, არა ერთხელ სტუმრობდა ФСБ-ს ანტიტერორისტული ცენტრს, რომელიც მეორე სამსახურს ექვემდებარება. სწორედ ამ სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა ჟალო უფროსი. ასევე, მკვლელი კრასიკოვი აქტიურად კონტაქტობდა ვინმე ედუარდ ბენდერსკისთან, რომელიც ალექსეი ჟალოს უწყებრივად ექვემდებარება. გერმანელი პროკურორები კი ბერლინში მიმდინარე სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ კრასიკოვი ვერ იმოქმედებდა ევროპაში სერიოზული მხარდაჭერის გარეშე, რადგან ის ვარშავიდან ბერლინში მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა, მარტო ვერ შეძლებდა ევაკუაციის მარშრუტის დეტალურ დაგეგმვას და ველოსიპედის ან მაყუჩიანი იარაღის ასე მარტივად შოვნას. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ ვის შეეძლო მისთვის საჭირო დახმარების გაწევა ევროპის ტერიტორიაზე. და ბოლოს, რა გახდა რუსეთის საელჩოს მაღალი თანამდებობის პირის ასეთი იდუმალებით მოცული დაღუპვის მიზეზი-კრემლი ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ბუნდოვან და არა ინფორმაციულ განცხადებებს აკეთებს. ამ დროისთვის კვლავ უცნობი რჩება- კრემლის რომელ სასტიკ დანაშაულს შეეწირა ФСБ-ს ახალგაზრდა თანამშრომელი ჟალო.
ქეთი რიჟვაძე