“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის წინააღმდეგობრივი ადამიანი, რომელსაც გაკეთებული აქვს ბევრი კარგიც და ცუდიც.
– სააკაშვილი ციხიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს.
– ინიციატივა ძალიან ხშირად არის მის ხელში. ბერკეტები დღეს მთავრობის ხელშია. სააკაშვილის მოწოდებებით კი გამოდიან ქუჩაში, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც მას უნდა. რესურსების და ბერკეტების ხარჯზე, ჯერჯერობით მთავრობა უგებს სააკაშვილს ბრძოლას. კი, მას ინიციატივა აქვს ხელში აღებული, მაგრამ ძალა არა აქვს. მომხრეთა დიდი რაზმი ჰყავს, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს.
– რამდენად ცდება და არღვევს კანონს ხელისუფლება სააკაშვილთან მიმართებაში?
– რა თქმა უნდა, კარგი ნამდვილად არ არის, რაც ხდება. პირველ რიგში, რა საფრთხესაც იქმნის “ქართული ოცნება”, არის ის, რომ ოდესღაც თვითონაც ხომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, აი ამაზე უნდა იფიქროს, როგორ წავა, ვის დაუტოვებს მთავრობას?! რომ არ დაიწყოს საქართველოში კიდევ ერთხელ რეპრესიები, რომელიც არა მხოლოდ “ოცნებას”, არამედ ქვეყანას დააზიანებს. ეს არის საფიქრალი და ამაზე არ ფიქრობენ.
– პენიტენციურმა სამსახურმა ისევ უარი უთხრა სააკაშვილს სასამართლოში წარდგენაზე, ამის უფლებას მაინც რატომ არ აძლევენ?
– საბოლოო ჯამში, უნდათ, რომ გატეხონ. რაც უფრო დიდხანს იქნება გლდანში, მით მეტი შანსია მისი გატეხის, ალბათ ამაზეა გათვლა. სწორედ მის გატეხაზე მუშაობენ.
– მისი გლდანში გადაყვანაც ამას ემსახურება?
– კი, ალბათ, ასეა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა