“სააკაშვილის და უგულავას გასახდომად ინსბრუკში 114.000 ლარი დაიხარჯა” – პროკურორი მუჯირი

"სააკაშვილის და უგულავას გასახდომად ინსბრუკში 114.000 ლარი დაიხარჯა" - პროკურორი მუჯირი114.000 ლარი იქნა გადახდილი ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში, – ამის შესახებ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.

„დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს, ჩატარდა სასამართლო სხდომა.

მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის მიერ, ლეგიტიმურად, მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მლნ ლარი, თუმცა, წარმოდგენილი 9 მლნ ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის, თუ სხვა ხარჯებს. მათ შორის, მინდა განმარტება გავაკეთო, იყო გასახდომი, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები.

მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ინსბრუკში 114.000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე, მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვადასხვა ელიტარულ კურორტებზე დასვენებისთვის იქნა თანხები გახარჯული. ასევე, მზარეულისთვის, სტილისტისთვის, მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის იქნა გადახდილი ეს 9 მლნ ლარი.

დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს, დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, აქ საუბარია პირადი კომფორტისთვის გახარჯულ 9 მლნ ლარზე“, – განაცხადა მუჯირმა.

იპნ