პოლიტიკური ორგანიზაცია “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის მომხრეებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება სურთ.
– მოვლენები უნდა გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში. უნდა ამუშავდეს სააკაშვილის ქეისი არა მარტო იმ საქმეებზე, რისთვის მიესაჯა მას პატიმრობა. არსებობენ სხვა მომჩივნები. მათაც უნდა მიეცეთ სააკაშვილისათვის სამართლებრივი პრეტენზიების წამოყენების უფლება.
– ნაცმოძრაობის წევრების მტკიცებით, სააკაშვილი დასავლეთის ზეწოლით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. ანტიდასავლური ჯგუფები კი ამბობენ, რომ სააკაშვილის დესანტირება ამერიკელებმა მოახდინეს.
– სააკაშვილს რომ ამერიკელების მხარდაჭერა ჰქონოდა, მას ციხეში ვერ გაამწესებდნენ. არც შიმშილობა დასჭირდებოდა. ვინც ფიქრობს, რომ ამერიკიდან მხარდაჭერილ სააკაშვილს დაპატიმრება გაუბედეს, ცუდად იცნობს მსოფლიოში დამყარებულ ძალთა ბალანსს. ამერიკელები ცდილობენ, სააკაშვილის თემა აისხლიტონ. ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის პრობლემები სწორედ იქიდან მოდის, რომ ამერიკის მხარდაჭერა არა აქვთ.
რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო?! არალოგიკურია, ჩახვიდე ქვეყანაში იმისთვის, რომ იქ ციხეში ჩაჯდე და შემდეგ გამოაცხადო შიმშილობა. ჩვენ ვნახეთ ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სააკაშვილი. ერთი, როცა დააკავეს. მეორე, როცა რუსთავიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. პირველ შემთხვევაში სააკაშვილი მშვიდი და თავდაჯერებულია, მეორე შემთხვევაში გააფთრებული. ჩანს, რომ ამ პერიოდში იმედი გაუცრუვდა.
– რამ და ვინ გაუცრუა იმედი?
– როგორც ჩანს, მას მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში ვიღაცამ გარანტიები მისცა, შემდეგ კი უმუხთლა. ამერიკელი სენატორების განცხადებაში წერია, რომ ისინი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ეს დამოკიდებულება ჩანს ახლანდელი და ყოფილი ელჩების -კელი დეგნანისა და იან კელის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებებშიც. მეტი რაღა უნდა თქვან?! ყველაფერი ნათელია.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა