საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჰაიკო მაასი უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გერმანიამ და საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ორმა მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, თავშეკავებულობა შეინარჩუნოს და სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით გამჭვირვალე იყოს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერ შემდგომ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება. უკრაინას მოვუწოდეთ, თავშეკავებულობა შეინარჩუნოს. 2021 წლის გაზაფხულზე, უკრაინამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაძაბულობის დეესკალაციაში, რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და არასაკმარისი გამჭვირვალობის მიუხედავად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ოფიციალურმა პარიზმა და ბერლინმა შეშფოთება გამოთქვეს დონბასში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო.
„ჩვენ მოვუწოდეთ უკრაინას, გააგრძელოს მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელება და შეინარჩუნოს ჩართულობა ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებში. ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთი უარს ამბობს ნორმანდიის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ხელმისაწვდომობას კონსტრუქციული და არსებითი შეხვედრისა და დისკუსიებისთვის. რუსეთს კვლავ მოვუწოდებთ, იგივე გააკეთოს დონბასში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იმედინიუსი