პირველობისათვის ბრძოლა “ქართულ ოცნებაში” გრძელდება. გავლენები ორმა ირაკლიმ ვერ გაიყო. ღარიბაშვილის და კობახიძის უხილავი ბრძოლის ამბავს ნათელი ამის შემდეგ მოეფინა, რაც თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დატოვა. ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია.
“შაბათის ეთერმა” კულუარული დეტალები გაარკვია. 7 დეკემბერს დილის 11 საათზე, სხდომაზე შესულ ეკატერინე ტიკარაძეს აგრესიული ღარიბაშვილი დახვდა. ოცამდე მოწმის თვალწინ პრემიერმა ყვირილი დაიწყო.
– ან დამემორჩილეთ ან წადით, – უყვიროდა ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სამ წევრს – ეკა ტიკარაძეს, ამირან გამყრელიძეს და თამარ გაბუნიას. ტიკარაძე კი მოქმედ პრემიერს უმეორებდა, რომ მისი მონა არავინ იყო.
ვითარება კიდევ უფრო მაშინ დაიძაბა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი მაგიდაზე ხელების ბრახუნზე გადავიდა.
დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი კოვიდპასპორტები იყო.
კონფლიქტის მიზეზი იყო დასაქმების პროგრამაც, რომელიც ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წაართვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა.
ღარიბაშვილის გაღიზიანება ასევე ეკა ტიკარაძის პოზიციამ გამოიწვია, როცა მან გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე დაიბარა.
ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა ეჭვი, რომ ანტივაქსერების აქციების უკან ღარიბაშვილი იდგა.
ეკა ტიკარაძე ირაკლი კობახიძის გუნდში რჩება. კობახიძეს და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება ახლა ყველაზე მწვავე ფაზაშია. კობახიძე გუნდის შიგნით ღარიბაშვილის მოწინააღმდეგე რაზმს აძლიერებს და გადამწყვეტ მომენტს ელოდება.
კახა კუჭავას იმიჯს ირაკლი კობახიძე ახლა ყველაზე მეტად უფრთხილდება. ნაკლებად აგრესიული რიტორიკის მქონე კუჭავა “ქართული ოცნებისთვის” ყველზე საჭირო კადრია.
საქართველოს მთავრობის 12 მინისტრიდან 3-ს ღარიბაშვილი აკონტროლებს: თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს. ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელსაც ყველაზე ბევრი ფული აბარია, პირდაპირ კავშირზეა ივანიშვილთან, ის ხელშეუხებელთა სიაშია.
ივანიშვილის კადრია განათლების მინისტრი ჩხენკელი. ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას კი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებს.
ტვ პირველი