ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს – მას მეტამფეტამინის 3 შეკვრა აღმოუჩინეს

ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს - მას მეტამფეტამინის 3 შეკვრა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.

დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რომლის დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მდმა“ და „ჰეროინი“.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.