გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი – “რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის დიდ ფასს გადაიხდის”

გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი - "რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის დიდ ფასს გადაიხდის"გერმანიის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკურ ფასის გადახდა მოუწევს, თუ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ მილიტარისტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მოლაპარაკების საგანი არ არის. რუსეთი გადაიხდის მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება უნდა იყოს და საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური გზები უნდა მოიძებნოს.

ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა საერთო ევროპული პოზიციის კოორდინირება ისეთი მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, როგორიც რუსეთია, რომელსაც უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები ჰყავს თავმოყრილი.

იპნ