28 დეკემბერს გამთენიისას უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში. მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილი ხეს შეეჯახა და მაქანაში მყოფი ორივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. გლოვობენ გარდაცვლილებს და მათზე საუბარი ადგილობრივებს წარსულ დროში ძალიან უჭირთ.
ტარიელ ყიფიანი, მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში: “არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის. ადგილობრივები არიან გარდაცვლილი ბიჭები, გიორგი სიჭინავა ჩვენი სოფლიდან, სოფელ დიმიდან არის, მეორე ბაღდათში ცხოვრობდა, ანრი კიკნაველიძე. სამწუხაროდ ადგილზე არიან გარდაცვლილები. სავარაუდოდ სიჩქარეა მიზეზი. გიორგის პირადად ვიცნობდი, საოცრად კარგი ახალგაზრდა იყო. დაოჯახებული არ იყო. ხეს შეასკდნენ. გიორგის დედა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული, ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, მანქანებს შლიდა, წესიერი, პატიოსანი ბიჭი გახლდათ, ფიზიკურად მუშაობდა, ხელოსნებთან იყო დასაქმებული, ბიძასთან ერთად ცხოვრობდა. მეორეს, ანრი კიკნაველიძეს 7 თვის ორსული მეუღლე დარჩა, ანრი ბაღდათში ცხოვრობდა, მას არ ვიცნობდი და არ ვიცი რას საქმიანობდა. გიორგის ხშირად ვნახულობდი, ძალიან კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ, ტრაგედია ბაღდათის შესასვლელთან, საავადმყოფოსთან არის მომხდარი, საშინელებაა, სიტყვებს ვერ ვპოულობ”.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თეა ხურცილავა, კვირის პალიტრა