“კვირაში 15 ქართველი მეკითხება, საფრანგეთის მოქალაქე როგორ გახდეს” – სალომე საძაგლიშვილი ვითარებას განმარტავს

"კვირაში 15 ქართველი მეკითხება, საფრანგეთის მოქალაქე როგორ გახდეს" - სალომე საძაგლიშვილი ვითარებას განმარტავსსაქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ წყდება. საფრანგეთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა (29%) ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისთვის.

საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მთხოვნელთა 2%-ს აქვს რეალური შანსი, მიიღოს სტატუსი. ესენი არიან ლგბტ ადამიანები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და იშვიათ შემთხვევაში, მძიმედ დაავადებული ადამიანები.

– უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ლტოლვილის სტატუსი. ადამიანები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ [ფინანსურად] უჭირთ საქართველოში, არ აქვთ სამსახური და უნდათ, რომ საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. მათ ჰგონიათ, რომ ჩამოვლენ აქ და სახლს მისცემს საფრანგეთი, საკვებს, ყოველთვიურ თანხას. ასე არაა, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სალომე საძაგლიშვილი, პარიზის რეგიონში ლტოლვილების ინტეგრაციის პროექტის თანახელმძღვანელი.

სალომეს თქმით, კვირაში 10-15 ადამიანი მაინც ეკითხება როგორ შეიძლება საფრანგეთის მოქალაქე გახდეს. ზოგი საქართველოდან, ზოგიც უკვე საფრანგეთში მყოფი.

– ასეთი შემთხვევაც მქონდა: დედამთილთან ერთად ვცხოვრობ, ვერ ვეგუები, კონფლიქტი გვაქვს და ჩემი სახლი მინდა მქონდეს და მანდ ჩამოვალ, ლტოლვილის სტატუსს მოვითხოვ, ქმართან და ბავშვებთან ერთადო, – იხსენებს სალომე და ამატებს:

– ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი ლეგალური, კანონიერი უფლება ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა.

მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა ქალი ამტკიცებდა, რომ ქმარი ნამდვილად სცემდა, ჰქონდა ექიმების ცნობები, რომ ნაცემი იყო, მაგრამ მას არ უჩივლია ქმრისთვის. ამიტომ, უკვე უარი უთხრეს.

– საქართველოს მოქალაქეების ნებისმიერი საქმე დაჩქარებული წესით განიხილება. ეს ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ძალიან ბევრი არალეგიტიმური მოთხოვნა შემოდის, – ამბობს სალომე.
რადიო თავისუფლება