ლონდა თოლორაია 2022-ის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება – რა წერია პროექტში

ლონდა თოლორაია 2022-ის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება - რა წერია პროექტშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

1 მარტიდან შრომითი ურთიერთობები უწყდებათ და სამსახურიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები.

ამავე პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მობილობის წესი არ გავრცელდება. მათ არ ექნებათ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული პირები შეიძლება მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხონ.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია მათთვის 2022 წლის 1 მარტიდან 3 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, კომპენსაციის მიცემა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

იპნ