ნიკა გვარამია – “მიშა სუსტადაა, მას გლდანის ციხეში გადაყვანით დაემუქრნენ”

ნიკა გვარამია - "მიშა სუსტადაა, მას გლდანის ციხეში გადაყვანით დაემუქრნენ"“მთავარი არხის” გენერალური დირექტორისა და მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, არაა ბოლომდე კომუნიკაბელური და დღეს მისი განცხადება არ იქნება.

ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია, რომ გაკეთდეს იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, შესაბამისად, ვერ ვისარგებლებთ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ იქნება განცხადებები.

არის სუსტად, როგორც იყო, ჩამოჰყავთ, 2 ადამიანს იქიდან აქედან და აჰყავთ, ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა, რომელიც გვაქვს, რომ ახლა უკვე უნდა შევხვდეთ ხოლმე მას და ის ჩამოსაყვანი და ასაყვანია ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩემი აზრით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით გაწერეს და მას გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანის დროს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ გლდანის ციხეში გადაყვანით:

“უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავშიო, მაგრამ ცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ დამუქრება წამებით. ანუ, თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამეთო” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, სააკაშვილს მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში.

“წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მთავარი