ფუტსალის ქართველი მეკარე, 24 წლის დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა

ფუტსალის ქართველი მეკარე, 24 წლის დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ უმძიმესი ამბავი შეიტყო – საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშის დავით ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო“, – წერია განცახდებაში.
სფფს- ცნობით, მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადადებულია.

დავით ჯინჭარაძე 24 წლის გახლდათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული მეკარე გახლდათ. პირადად მისი დიდი დამსახურებაა, რომ ისტორიაში პირველად კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) დასრულებულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

2020-2021 სეზონის დასრულების შემდეგ დავით ჯინჭარაძე დამსახურებულად აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კსუ-ს ნიჭიერი მეკარე საქართველოს ნაკრებში წელს ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა – სიაში იყო დეკემბრის ამხანაგურ შეხვედრებშიც, რომელსაც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში სერბეთთან (16 და 18 დეკემბერს) და ყირგიზეთთან (21 და 22 დეკემბერს) ჩაატარებს.

პირველი არხი