პროკურატურას “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენისა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
დღეს, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს.
“გასული სასამართლო სხდომის დროსაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევას ვასრულებთ, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს სამივე ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც მათ ბრალად აქვთ წარდგენილი. შესაბამისად, გონივრული მოლოდინი გვაქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება”,- განაცხადა გუბელაძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40.000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
იპნ

