ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აირი დარსალიას გამოძიება 25 წლის მამაკაცისადმი ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა.
დარსალიას ოჯახი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა.
შემთხვევა ჩხოროწყუში 2019 წელს მოხდა. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.
დაზარალებულმა მამაკაცმა 2 წლის წინ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარსალიამ ის, იარაღის მუქარით გააუპატიურა.
როგორც საუბრიდან ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი მანამდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც ჩხოროწყუს პოლიციაში არაერთხელ ყოფილა. სწორედ აქედან იცნობდა აირი დარსალიას.
“ძველ, დანგრეულ შენობასთან გაჩერდა. თავისივე მანქანით იყო, რადგან ვცნობ მის ავტომობილს, ადრეც ვმჯდარვარ. უცებ გადმოვიდა, დაიწყო ზემოდან გახდა და იარაღი ამოიღო. ტანსაცმელი წინა სავარძელზე დაყარა. როგორც კი გამოძრავებას ვიწყებდი იარაღისკენ იწეოდა. მერე მუქარაზეც გადავიდა – გინდა არ გინდა შენთან სექსი უნდა მქონდესო. შემდეგ ჩამომსვა შუა გზაში, გამაფრთხილა რაიონში არ გავსულიყავი და თუ ამ თემას გავახმაურებდი ძალიან ცუდი რამ მოჰყვებოდა ამას”, – გაიხსენა დაზარალებულმა.

