გუდაურში მოკლული 28 წლის თამაზ გორთამაშვილის დედამ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კობიაშვილს ბევრი ხალხი ჰყავს, რომელიც მას იცავს. როგორც გორთამაშვილის დედამ თქვა, ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს:
„მას იმდენი ხალხი იცავს და იმდენი ხალხი ჰყავს, რომ იმასთან ნულები ვართ. უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო. ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ და ზეგ მკვლელობა აღარ მოხდეს.
უფალთან რომ წარსდგება და ეტყვის ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს მაგ არაკაცმა? ასეთი მკვლელები შეიძლება ქვეყანაზე იყვნენ? რატომ წაიყვანა 19 წლის ბიჭი და სცემა, იმის გამო დაიწყო ყველაფერი, სად არიან, რატომ არ ამბობენ ამას?” – აღნიშნა თამაზ გორთამაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, დღეს მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

