4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის დეტალები „შაბათის ეთერმა” გაარკვია. აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება ნარინჯისფერი ჰუდის გამო დაიწყო.
ნარინჯისფერი ჰუდი ამ უბანში მცხოვრებ ერთ-ერთ გოგონას თანატოლმა ბიჭმა გამოართვა და აღარ დაუბრუნა. 6 თვის შემდეგ გოგონამ ეს ამბავი მის შეყვარებულს უამბო.
ამის შემდეგ საქმის გარჩევა დაინიშნა, რომელზედაც მისულ მეცხრეკლასელს დანა გულში ჩაარტყეს.
ყველაფერი კი 4 დეკემბერს დილით ერთი მესიჯით დაიწყო. 15 წლის დათუნა კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი. დისტანციურად ინგლისურ გაკვეთილს ესწრებოდა, როდესაც კომპიუტერში პარალელურად გახსნილ ფეისბუქის ფანჯარაში შეტყობინება მოვიდა. უცნობმა პირმა შეხვედრა ნარინჯისფერი ჰუდის საქმეზე ღრმარელის მეტროსთან სთხოვა.
დაკავებული არასრულწლოვანი შეხვედრაზე მეგობარ არასრულწლოვანთან ერთად წავიდა. ადგილზე მისულს ახალგაზრდების დიდი ჯგუფი დახვდა.
დაკავებული ბრალდებულის ჩვენებით დგინდება, რომ მოზარდებს შორის დაწყებული საქმის გარჩევა წინასწარ ორგანიზებული იყო. ხალხმრავალ ადგილას პოლიცია შეამჩნევდა და ამიტომ, ძველი ავტოფარეხების გვერდით, ჩიხში უნდა გადაენაცვლათ.
ლაპარაკი დენის გინებაში გადაიზარდა, გინებას ხელის პირველი დარტმა და ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა. ადგილზე მკვლელობის იარაღი – დანა გამოჩნდა.
როცა 15 წლის დათუნა კრავეიშვილი ძირს დაეცა და ახალგაზრდებმა სისხლი დაინახეს, მათ თავს გაქცევით უშველეს.
გარჩევაში დავით კრავეიშვილი შემთხვევით მოხვდა. მას არც ჰუდი გამოურთმევია ვინმესთვის და არც თავად მიუცია. ჰუდის გამო მისი ნაცნობის ნაცნობები დავობდნენ.
ოჯახი იხსენებს, რომ საბედისწერო დღეს მეცხრეკლასელმა დილას, ტრადიციულად, ძაღლი გაასეირნა. სახლში მალევე დაბრუნდა და ოჯახს უთხრა, რომ მეგობრებთან შეხვედრას აპირებდა.
დათუნას ძმა იხსენებს, რომ სისხლიან გარჩევამდე 10 წუთით ადრე ის დედასთან სამსახურში მივიდა. ის ამბობს, რომ დათუნას კონფლიქტი არავისთან ჰქონია და არც ცივი იარაღით უვლია უბანში.
დანა გაუჩინარებულია.
მკვლელობიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ორი პირი დააკავა. ერთს განზარხ მკველობას, მეორეს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან, თუმცა ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. საეჭვო გარემოებებზე საუბრობს დაკავებულის ადვოკატიც. ადვოკატი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
– იქ იყო რამდენიმე აქტიური პიროვნება, ბირთვი 5-6 კაციანი, რომლებიც ჩხუბობდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, რომ დადგეს, მათ ჩაიდინეს დანაშაული და ისინი სხედან სახლში ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე”, – ამბობს ადვოკატი.
ტვ პირველი

