საფრანგეთში იხურება ღამის კლუბები, პირბადეები სავალდებულო ხდება

საფრანგეთში იხურება ღამის კლუბები, პირბადეები სავალდებულო ხდებასაფრანგეთი, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, 3 იანვრიდან შეზღუდვებს ამკაცრებს.

შეზღუდვების ფარგლებში იხურება ღამის კლუბები, ქალაქების ცენტრებში პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება, მოქალაქეებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, სახლიდან მუშაობა კვირაში მინიმუმ სამ დღეს მოუწევთ.

დახურულ სივრცეებში იკრძალება 2.000 პირზე მეტის თავშეყრა, ღია სივრცეებში შეკრებილების რაოდენობა კი 5.000 -ს არ უნდა აჭარბებდეს.

მოქალაქეების დაინფიცირებისგან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების პერიოდი 3 თვემდე მცირდება.

ამასთან, პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 15 იანვრიდან საფრანგეთში, საჯარო სივრცეში შესასვლელად მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხი საკმარისი აღარ იქნება და საჭირო გახდება ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ საშვის წარდგენა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ყოველ ორ დღეში ორმაგდება და მოსალოდნელია ახალი შემთხვევების „მეგა ტალღა“.

საფრანგეთში, შაბათს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 100.000-ს გადააჭარბა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

იპნ