ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობას აღმავალი ტენდენცია აქვს.
უცხოეთიდან გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა – 1,886 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი იქნება მიმდინარე წელსაც, რადგან 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში ემიგრანტებმა უკვე 1,291 მლრდ აშშ დოლარი გამოგვიგზავნეს.
ის ფაქტი, რომ ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მაღალი ტემპით იზრდება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა პერსპექტივას არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში ეძებს, მათ შორის, შემოსავლების თვალსაზრისითაც.
უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ემიგრანტებს უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოაქვთ საქართველოში, ვიდრე ამას უცხოელი ინვესტორები აკეთებენ. 2018 წელს ქვეყანაში ჯამში 1,317 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ამავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1,580 მლრდ დოლარი შეადგინა. 2019 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,336 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ფულადი გზავნილები 1,933 მლრდ დოლარი იყო.
უკვე 2020 წელს, პანდემიის პირობებში ინვესტიციების შემოდინების მოცულობამ რადიკალურად იკლო და 572 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაშინ, როცა ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და 1,886 მლრდ დოლარი შეადგინა. ვითარება არც მიმდინარე წელს შეცვლილა. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 132,2 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, იმავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა კი 499 მლნ დოლარი იყო.
ბიემჯი