საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2016-2018 წლებში საგადასახადო ორგანოში წარადგინეს დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, რომელშიც დააფიქსირეს ყალბი მონაცემები, რითაც შეიქმნეს ფიქტიური აქტივი ჯამში 2.209.207 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
„გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელზე არსებული 3.103.197 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, თვალთმაქცური გარიგებებისა და ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, გადააფორმეს მათივე მართვის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიის სახელზე, რითაც სახელმწიფოს წაერთვა შესაძლებლობა აღნიშნული ქონების რეალიზაციით ამოეღო კომპანიის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამავე დროს, აღნიშნული თვალთმაქცური ოპერაციის შედეგად, გარიგებაში მონაწილე კომპანიამ მიიღო 1.146.101 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური ჩათვლა, საიდანაც 399.128 ლარი გამოიყენა საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით.
გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 205-ე პრიმა მუხლების მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

