თამუნა ანთელავას მკვლელობისთვის დაკავებული სოსო გაბრიაძე ციხიდან გამოუშვეს

თამუნა ანთელავას მკვლელობისთვის დაკავებული სოსო გაბრიაძე ციხიდან გამოუშვეს2020 წლის აღდგომის დღეს, მთვრალმა პოლიციელმა, თბილისში, სახლის აივნიდან სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით, შემთხვევით მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის თამუნა ანთელავა მოკლა.

პოლიციელ სოსო გაბრიაძეს საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

2021 წლის იანვარში მომღერალმა თიკა მახალდიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დედამისის მკვლელობისთვის პოლიციელ სოსო გაბრიაძეს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2021 წლის აპრილში, მომღერალმა რუსთავი 2-ის ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, რომ მკვლელისთვის პატიებაზე ფიქრობს და ამაში მას მისი სულიერი მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ეხმარება, თუმცა მედიას აღარ გაუგრძელებია ეს თემა და შესაბამისად აღარც ის გახმაურებულა, აპატია თუ არა გარდაცვლილის ოჯახმა მკვლელს დანაშაული.

რადიო თავისუფლებისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.

ამასვე ადასტურებს სოციალურ ქსელში სექტემბერში მისი და მისი მეუღლის გამოქვეყნებული ფოტოები. სურათებზე ჩანს, რომ ოჯახი საქართველოს ერთ ერთ საზღვაო კურორტზე იმყოფება.

თიკა მახალდიანის ოჯახმა გაბრიაძის გათავისუფლების შესახებ დაზუსტებით რადიო თავისუფლებიდან შეიტყო.

– პროკურატურა თავიდანვე ითვალისწინებდა ჩვენი ოჯახის აზრს, რისთვისაც მადლობელი ვარ. 8 წელი რომ მიუსაჯეს, შემდეგ პროკურატურამ შემოგვითვალა ადვოკატის პირით, რას ვაპირებდით, 2-3 დღე იყო დარჩენილი პასუხის გაცემამდე, როცა თიკა და ოჯახის წევრები მივედით ეკლესიაში მამა შალვასთან, ძალიან დიდი როლი ითამაშა მამაომ, ასე უთხრა პირდაპირ ჩემს მეუღლეს – შენ ნუ მიიღებ იმ კაცის 15 წლით დასჯაში პირდაპირ როლსო, შენ ხომ იცი, რომ განზრახ არ გაუკეთებია და რატომ უნდა მიესაჯოს 15 წელიო, სწორად შეხედე, ქრისტიანულადო. ამ საუბარმა დიდი როლი ითამაშა და აღარ გავაპროტესტეთ, ჩვენი მხრიდან ამ საქმეში მონაწილეობა ამით დასრულდა, – უთხრა რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის სიძემ თემო პირველაშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი შეგუებული იყვნენ, რომ პოლიციელი 8 წელს არ გაატარებდა ციხეში, თუმცა მის ასე სწრაფად გამოშვებას არ ელოდნენ.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროკურატურამ 8 წლიანი სასჯელი არ გაასაჩივრა, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

“სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 27 აპრილის განაჩენით სიმონ გაბრიაძეს ბრალდების მუხლი შეუმსუბუქა, 108-ე შეუცვალა 116-ე მუხლით და 8 წლიანი სასჯელი გააუქმა. სასამართლომ ყოფილ პოლიციელს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 1 წლით და 3 თვით პირობითი სასჯელი დააკისრა” – წერს “რადიო თავისუფლება”.

ნიუპოსტი