უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინს სერიოზული სანქციებით დაემუქრა

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინს სერიოზული სანქციებით დაემუქრა7 დეკემბერს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეო კონფერენციის შესახებ თეთრმა სახლმა განცხადება  გაავრცელა.

“ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხდებაში.

ბაიდენმა ასევე „გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ“.

– ბაიდენმა პუტინს უთხრა, მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც არ გაგვიკეთებია 2014 წელსო.

ამის ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

– მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური ზომებით. უკრაინელებს მივაწვდით დამატებით თავდაცვით მასალას და დამატებითი შესაძლებლობებით გავაძლიერებთ ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ასეთი ესკალაციის საპასუხოდ, – აღნიშნა სალივანმა.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს.

კრემლის განცხადებით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილების “სავარაუდო სახიფათო“ ხასიათს და გამოკვეთა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში.

„საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გადაიტანონ რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად და ჩვენს საზღვრებზე თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს,” – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.