68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნინო თუთბერიძე. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმს” მსახიობის დეიდაშვილი მარინა შერგელაშვილი უდასტურებს.
“ნინოს მოულოდნელად ინსულტი განუვითარდა. ბოლო 22 დღე კლინიკაში, უგონოდ, აპარატზე იყო მიერთებული.
ერთი წლის წინ ბარძაყში ძვალი შეუცვალეს. ძირითადად, სახლში იყო. საშინლად ეშინოდა კოვიდის და მოულოდნელად ეს მოხდა. ხვალ ზესტაფონში იკრძალება, – ამბობს ქალბატონი მარინა.
ქალბატონ ნინოს ყველა კარგად ვიცნობთ ელდარ შენგელაიას კინო-კლასიკით “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, სადაც ის ვაჟა ზაზაევიჩის მდივნის, თინიკოს როლს ასრულებს.
დამთხვევაა ის, რომ რამაზ გიორგობიანიც ინსულტით გარდაიცვალა…
მერაბ კოკოჩაშვილმა ნინო თუთბერიძის გარდაცვალება “პრაიმტაიმისგან” შეიტყო.
მერაბ კოკოჩაშვილი: – როგორ? ის ჩემი მოწაფეც იყო! ასეთი ახალგაზრდა! რა სამწუხაროა.
ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მშვენიერი როლი აქვს ელდართან, მდივანი ქალის. მე “გზა მშვიდობისა ჯაყოს” რომ ვიღებდი, ბათუმში მთელი ჯგუფი წავიყვანე გადაღებაზე.
შემდეგ თეატრში იყო. ძალიან პლასტიური გოგონა იყო ახალგაზრდობაში. ნიჭიერი მსახიობი იყო. ოსტატურად გამოსდიოდა თამაში. დასამახსოვრებელი ეპიზოდური როლები შეასრულა.
ძალიან მნიშვნელოვანია, მსახიობი იყოს სრულიად გულახდილი და ყველაფერს მართლა ასრულებდეს. ასეთი იყო ნინო.
ძალიან დასანანია… მადლობა, რომ შემატყობინეთ. ძალიან ვწუხვარ.
მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუ “პრაიმტაიმში” კი ასე სრულდებოდა…
ნინო თუთბერიძე: – “ცისფერი მთების გარდა” კიდევ გადაღებული ვარ თამაზ გომელაურის ფილმში “კაპიტნები”, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში “გზა მშვიდობისა”. ელდარმა ასევე გადამიღო თავის “ექსპრეს ინფორმაციაში”.
ახლა სახლში ვარ. მარტო ვცხოვრობ. ერთხელ ვიყავი გათხოვილი. სამწუხაროდ, შვილი არ გამიჩნდა… დავრჩი ასე…
პრაიმ ტაიმი