ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება.
ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძეს განცხადებით, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზია სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე”, – აღნიშნა თეა უროტაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ სამ დაშავებულს, რომელთაც ინტოქსიკაცია მიიღეს, ისინი სტაციონარში მოთავსდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.