15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ლ.ი.-ის ადვოკატის, ოთარ ხურციძის განცხადებით, მკვლელობის დღეს მოზარდების შეხვედრის ორგანიზება სხვა ჯგუფმა მოახდინა, რომლებიც თავისუფლებაში იმყოფებიან.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა მუხლით უნდა წარიმართოს საქმე.
„კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, დანარჩენი, სასამართლოზე იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება დედას, ის ფაქტის შემსწრე არ არის, მისი სასამართლოში გამოსვლა ჩვენთვისაც ემოციური და მძიმე იყო, თუმცა, მან ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრა. კონფლიქტის შესახებ დედაც და ბრალდებაც ვერ უარყოფს, რომ ორგანიზება სხვა ჯფუფმა მოახდინა, რომლებიც თავისუფლებაში არიან, მათ დაიბარეს ორი პიროვნება, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იყო მეორე მხრიდან კონფლიქტში ჩართული.
წარდგენილი ბრალი ნამდვილად აბსურდულია და არ შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით განიხილებოდეს. დანარჩენი უკვე დაცვის მხარის სტრატეგიაა, ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ხურციძემ.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს, თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდი – დავით კრავეიშვილი მოკლეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი ლ.ი. დააკავეს. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი პ.ვ., რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
იპნ