მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 4 პირი – ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიზო უბილავამ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.
ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები ბრალდებულების ნაწილის გირაოს, ნაწილის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ბრალდებული 5 პირიდან ბრალს მხოლოდ ლაშა სამხარაძე აღიარებს, ის პატიმრობაში არ იმყოფება.
მოსამართლე გიზო უბილავას გადაწყვეტილებით, დაკავებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ბესიკ თამლიანი გააძევეს.
ცნობისთვის, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი – ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს.
ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
ლაშა სამხარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ამასთან, ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.
თამლიანს აღნიშნულ საქმეზე 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
იპნ

