„ჩვენ 3 წელია ისედაც დაპატიმრებულები ვართ“ – ვატო წერეთელი

„ჩვენ 3 წელია ისედაც დაპატიმრებულები ვართ“ - ვატო წერეთელი„ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, ხვალინდელ სასამართლოს  განაჩენთან დაკავშირებით მოლოდინები არ აქვს, რადგან მისი ოჯახი 3 წლის განმავლობაში ისედაც ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ვატო წერეთელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე არევაძემ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, საქმის პოლიტიკურობა ნათელია

ჩვენ 3 წელია ისედაც დაპატიმრებულები ვართ, 3 წელია სასამართლო დარბაზში ვცხოვრობთ. არ მიკვირს ხვალინდელი განაჩენი რაც არ უნდა დადგეს. 3 წელია ზეწოლა ხორციელდება ჩემ ოჯახზე და პირდაპირი შურისძიებაა ჩემ ოჯახზე ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების”, – თქვა ვატო წერეთელმა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. საქმის განხილვა ამით დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალ  11:00 საათზე გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი წარუდგინათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

“ტვ პირველის” დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.