საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას.
ცომაია დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.
„2-3 წლის წინ უკრაინაში ჩემს ცოლის ძმას პრობლემები შეექმნა. დავურეკე ჩემს ნაცნობს, რომელსაც დახმარება ვთხოვე. მე ვერ დაგეხმარებიო, მაგრამ ერთი ქართველი ბიჭია და შეიძლება ის დაგეხმაროსო. მომცეს გია ლორთქიფანიძის ტელეფონის ნომერი, რომელსაც არ ვიცნობდი საერთოდ.
დავურეკე ამ ლორთქიფანიძეს და ვთხოვე შეხვედრა. მეორე დღეს შევხვდით, მოვუყევი ჩემი ამბავი და მითხრა, ვეცდებიო. გავიდა რამდენიმე დღე და მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა. ამის შემდეგ ისევ დავურეკე მას და ვთხოვე ჩემთან საწყობში მოსვლა, სადაც მაქვს ქართული პროდუქტები, რომელიც უკრაინაში დამაქვს. მოვუყევი, რა პრობლემებს ვაწყდებოდი უკრაინაში სამუშაოსთან დაკავშირებით და ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი.
ამის შემდეგ ხანდახან ვურეკავდი და ალბათ ათჯერ შევხვდით ერთმანეთს.
ერთ დღეს დამირეკა, მითხრა საქმე მაქვსო და საწყობში მოვალო. ეს იყო შარშან, დაახლოებით ერთი წლის წინ, ახალი წლის შემდეგ. მოვიდა გია ლორთქიფანიძე და მკითხა, შევძლებდი თუ არა ადამიანის გადაყვანას საქართველოში. ვუთხარი, რომ ეს არ მჭირდებოდა და ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ თუ რამეში დავეხმარებოდი, მათაც უნდა აღმოეჩინათ დახმარება ჩემი პრობლემების მოგვარებაში. ამის შემდეგ მითხრა, რომ შეეცდებოდა და მკითხა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას თუ შევძლებდი.
წამოვედი საქართველოში, შემდეგ გარდამეცვალა მეუღლე და სექტემბერში აბაშაში, ჩემს სახლში, დამირეკა გია ლორთქიფანიძემ ვოთსაპით და მითხრა, უკრაინაში უნდა წამოხვიდეო. 4 მანქანა მყავს და ყველაზე გამართული რომელიც იყო, სკანიას მარკის, დავჯექი და ცარიელი წავედი უკრაინაში. იქ ავიღე ტვირთი ხარკოვსა და ნიკოლაევში, შემდეგ წავედი ოდესისკენ.
27 სექტემბერს იყო დანიშნული გემი, მაგრამ გრაფიკი შეიცვალა და 26-ში საღამოს წამოვიდა. ამ დროს დავურეკე გიას და ვუთხარი, რომ 26-ში უნდა გავყვე გემს. პორტის შესახვევთან, ბენზინგასამართ სადგურთან დავდექი და ვუთხარი, რომ სააკაშვილი იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო, ბნელოდა, მე კაბინაში ვიჯექი, როცა მანქანა მოვიდა და სააკაშვილი გადმოვიდა. მივესალმე და კაბინაში ჩავსხედით. კაბინაში არის 2 საწოლი. პორტში შესვლის დროს გამოვართვი პასპორტი და ის ავიდა ზედა საწოლზე. იქ სამალავი არაა, რომ შეიხედავს კაცი, დაინახავს ყველაფერს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დავდივარ და თითქმის ყველა მებაჟე თუ მესაზღვრე მიცნობს, არ შევუმოწმებივარ წესიერად და მოვხვდით გემზე, – განაცხადა ცომაიამ.
ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.
იმედინიუსი

